ირანის მიერ ომის გამოცხადების შემდეგ, ისრაელი ნებისმიერ ვარიანტს განიხილავს, – ამის შესახებ, ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა განაცხადა.
„ეს არის ომის გამოცხადება. ახლა, ჩვენ თავშეკავებულები ვართ, რადგან ვიცით შედეგები და ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს პარტნიორებთან. ჩვენ ნებისმიერ ვარიანტს განვიხილავთ და დარწმუნებული ვარ, რომ საჭირო ნაბიჯებს გადავდგამთ, რათა დავიცვათ ჩვენი ხალხი. ჩვენ არ ვართ ომის მაძიებლები“, – ამბობს ჰერცოგი.
ისრაელის პრეზიდენტის თქმით, გასულ ღამეს ისრაელზე განხორციელებული თავდასხმა არის იმის მაგალითი, თუ როგორ მოქმედებს ირანი. მისივე განცხადებით, ირანი არის მთელ მსოფლიოში ტერორის, არასტაბილურობისა და ქაოსის გამავრცელებელი.
„დროა, მსოფლიომ დაინახოს თეირანის ბოროტების იმპერია, დაინახოს და ნათლად განუცხადოს ირანის რეჟიმს, რომ ეს [ირანის შეტევა ისრაელზე] ისე არ ჩაივლის და ეს მიუღებელია“, – აღნიშნა ისრაელის პრეზიდენტმა.