ნარკოტიკებისა და ნარკოდამოკიდებულების მონიტორინგის ევროპული ცენტრის (EMCDDA) დირექტორმა, ალექსის გუსდელმა განაცხადა, რომ ევროპაში ამჟამად ფიქსირდება ნარკოტიკებთან დაკავშირებული ძალადობის ისეთი დონე, როგორიც ცენტრალურ ამერიკაშია.
ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა POLITICO ავრცელებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ნარკოტიკების ბაზარი, რომელიც ახლა ათობით მილიარდ ევროს შეადგენს, კრიმინალურ დაჯგუფებებს უბიძგებს გამოიყენონ ძალადობის უპრეცედენტო დონე ერთმანეთის წინააღმდეგ.
ევროპოლის და EMCDDA-ს მიერ ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ევროპის ნარკობაზრის უახლესი მონაცემები გამოქვეყნდა, რომელიც, სამართალდამცველების შეფასებით, წელიწადში დაახლოებით 30 მილიარდ ევროს შეადგენს.
უწყებების განცხადებით, ძალადობის უმეტესი ნაწილი კოკაინსა და კანაფს უკავშირდება.
ევროპოლის აღმასრულებელმა დირექტორმა, კატრინ დე ბოლმა განაცხადა, რომ "ევროკავშირის ტერიტორიაზე წამების ოთახებიც კი აღმოვაჩინეთ".
"ეს აქამდე არასდროს გვინახავს. ეს გამოიყენებოდა ლათინურ ამერიკაში, მაგრამ არა ევროკავშირში", - განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.