თქვენ ბრიუსელში ჩამობრძანდით და ეს იმის ნიშანია, რომ საქართველომ ევროპული გზა ძალიან სერიოზულად აირჩია, - ასე მიმართა ჟოზეფ ბორელმა ირაკლი კობახიძის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ეს ასევე პირველი ვიზიტია მას შემდეგ, რაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.
„ჩვენ გადავედით ჩვენი ურთიერთობების ახალ სტრატეგიულ ეტაპზე. საუბარი, რომელიც ასოცირების საბჭოს სხდომის ფარგლებში გვქონდა, ხაზს უსვამს იმას, რომ ერთობლივად გვაქვს ნაკისრი ვალდებულება იმ უცვლელი გზის მიმართ, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას გულისხმობს.
თუმცა, საქმე იწყება ახლა თქვენს შემთხვევაში და ეს საჭიროებს ახალ ძალისხმევას, გაძლიერებულ პასუხისმგებლობას მთავრობის მხრიდან, პოზიციას, რომელიც ყველას მიერ იქნება გასათვალისწინებელი. ყველა ქართველი, ყველა სექტორი უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში“, - განაცხადა ბორელმა.
ჟოზეფ ბორელის შეფასებით, საქართველოს მოსახლეობას მტკიცედ სურს ევროკავშირის წევრობა. მან გაიხსენა, რომ საქართველოში ყოფნისას გააოცა ევროპული დროშების რაოდენობამ თბილისის ქუჩებში.
„ეს ცხადყოფს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეები ძალიან მტკიცედ ფიქრობენ, რომ ევროკავშირი არის მათი მომავალი და ჩვენც გვაკისრია პასუხისმგებლობა, რომ თქვენთან ერთად ეს ისტორიული შესაძლებლობა გამოვიყენოთ, ჩვენი ძალისხმევა გავზარდოთ, რომ გავზარდოთ მედეგობა ქვეყნის, თქვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და მოხდეს სუვერენიტეტის პატივისცემა“, – განაცხადა ბორელმა.
მისივე განცხადებით, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ევროკავშირის კარი გაიღო, თქვენ უნდა გაიაროთ ამ ღია კარში და ამ კარში გავლა, დამსახურებაზეა დაფუძნებული.
ბორელის თქმით, საჭირო იქნება გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა, იმისთვის, რომ პოლიტიკური დაძაბულობა შემცირდეს.
"სამი ძირითადი გზავნილი მინდა გავაჟღერო. თქვენ უკვე დააჩქარეთ რეფორმების განხორციელება ასოცირების შეთანხმების ფარგლებში იმისთვის, რომ 9 პრიორიტეტი იყოს შესრულებული. ამისთვის გაქვთ თქვენ ცოცხალი სამოქალაქო სექტორი და მნიშვნელოვანია, რომ ყველა მონაწილე იყოს ჩართული ამ პროცესში...
მეორე გზავნილი არის ის, რომ ჩვენ საერთო ფასეულობების და პრინციპების მიმართ ვდებთ ძალისხმევას და მნიშვნელოვანია, რომ ეს ერთობა ყველაფერში იყოს ასახული, რადგან ძალიან საშიშ გეოპოლიტიკური გარემოში ვართ და გაწევრებისთვის მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს უსაფრთხოების პოლიტიკა. ასევე, მოვუწოდებ მთავრობას, რომ ანტიდასავლური რიტორიკისკენ მიმართული ინფორმაციის წინააღმდეგ იბრძოლოს. გვინდა რომ ამ მიმართულებით მეტი გადადგმული ნაბიჯი ვნახოთ.
რაც შეეხება მესამე გზავნილს - საარჩევნო რეფორმა, რაც განხორციელდება, მინდა, რომ ვენეციის ყველა შესაბამისი რეკომენდაცია იყოს გათვალისწინებული თავისუფალი, კონკურენტული არჩევნების უზრუნველსაყოფად. მნიშვნელოვანია, რომ ერთად გავაძლიეროთ საქართველოს მედეგობა და გამძლეობა, იმისთვის რომ დავაფიქსიროთ, რომ ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ იმ მნიშვნელობას რაც ეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს“, - განაცხადა ბორელმა.