სტიქია მაღალმთიან აჭარაში - დაღუპულია ორი ადამიანი

06 თებერვალი 2024, 15:04 2747 ნახვა

სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა აჭარაში, დაღუპულია 2 ადამიანი.  რთული მეტეოროლოგიური პირობების, დიდთოვლობის შედეგად მაღალმთიანეთში რამდენიმე ლოკაციაზე ზვავი ჩამოწვა, განვითარდა მეწყრული პროცესები საავტომობილო გზებზე. ქედაში, სოფელ წონიარისში საცხოვრებელი სახლი დაინგრა, ნანგრევებშიც ერთი ადამიანი მოჰყვა და მაშველებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 

სოფელ თხილვანაში კი მეწყერმა სახლი ჩაიტანა, თოვლის მასამ ორი ადამიანი მოიყოლა, შედეგად  დაიღუპა 55 წლის ქალი. მამაკაცი კი უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი. მაღალმთიანეთში დაიმეწყრა როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის, ასევე ცენტრალური საავტომობილო გზები.

დაზიანებულია ელექტროგადამცემი და სატელეფონო ხაზები, რის გამოც მაღალმთიანეთში მცხოვრებლებთან კომუნიკაცია გართულებულია. მიმდინარეობს დამეწყრილი ლოკაციების გაწმენდითი სამუშაოები. მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა, სამუშაო პროცესებში ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, რომელიც ესწრებოდა პრეზიდენტის მოხსენებას საქართველოს პარლამენტში, სხდომა დატოვა და შემთხვევის ადგილზე გაემართა.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში