სირიასა და ერაყში აშშ-ის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად 40-მდე ადამიანი დაიღუპა

03 თებერვალი 2024, 18:20 433 ნახვა

სირიასა და ერაყში აშშ-ის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად 40-მდე ადამიანი დაიღუპა. აშშ-ის ძალებმა იერიშები ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისა და მასთან დაკავშირებული დაჯგუფებების 85 სამიზნეზე, იორდანიის ბაზაზე, გასულ კვირას, განხორციელებულ დარტყმაზე საპასუხოდ მიიტანეს.

ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს აშშ-ის ელჩი და მას ფორმალური პროტესტი გამოუცხადეს. ერაყის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი „სახალხო მობილიზაციის ძალების“ ცნობით, დარტყმებს მათი 16 წევრი ემსხვერპლა, მათ შორის, მებრძოლები და მედიკოსები. 

„სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ მონაცემებით, სირიაში აშშ-ის ავიადარტყმებს 23 ადამიანი ემსხვერპლა, რომლებიც სამიზნე ობიექტებს იცავდნენ.

პენტაგონში აცხადებენ, რომ ავიადარტყმების სამიზნე, ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების სამეთაურო და საკონტროლო ცენტრები, რაკეტებისა და დრონების საწყობები, ასევე, ლოჯისტიკური ობიექტები იყო.

ისრაელსა და პალესტინურ დაჯგუფება „ჰამასს“ შორის საომარი მოქმედებების დაწყებიდან, ანუ 7 ოქტომბრის შემდეგ, ერაყში, სირიასა და იორდანიაში აშშ-ის ძალებზე 160-ზე მეტი თავდასხმა განხორციელდა.

იორდანიაში, სირიის საზღვართან მდებარე სამხედრო ბაზაზე თავდასხმა 28 იანვარს განხორციელდა, რის შედეგადაც დაიღუპა სამი ამერიკელი სამხედრო, 40-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა. აშშ-ის მტკიცებით, დრონი, რომლითაც დარტყმა განხორციელდა, ირანის წარმოების იყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში