აშშ-მა ერაყსა და სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების ობიექტებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა

03 თებერვალი 2024, 10:11 417 ნახვა

აშშ-მა ერაყსა და სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების ობიექტებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, აშშ-ის სამხედრო ძალებმა ერაყსა და სირიაში ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის და მასთან დაკავშირებულ სამიზნე ობიექტებზე საჰაერო იერიშები განახორციელა.

აშშ-მა ბომბდამშენების გამოყენებით საჰაერო იერიში 85 სამიზნე ობიექტზე მიიტანა. ერაყისა და სირიის ტერიტორიაზე სამიზნეებს, სამეთაურო და საკონტროლო ოპერაციების ცენტრები, სადაზვერვო ცენტრები, რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების შესანახი ობიექტები და საბრძოლო მასალის მიწოდების ცენტრები წარმოადგენდა.

28 იანვარს, ჩრდილო-აღმოსავლეთ იორდანიაში, სირიის საზღვართან, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 3 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თავდასხმა ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფებებმა განახორციელეს. ირანმა აშშ-ის სამხედრო ბაზაზე განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობა უარყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში