ქალაქი ღაზა ალყაშია - ისრაელის არმია

03 ნოემბერი 2023, 10:00 714 ნახვა

ისრაელის არმიის განცხადებით, მისმა სამხედროებმა დაასრულეს ქალაქ ღაზის ალყაში მოქცევა. ისრაელი მიიჩნევს, რომ მის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასის“ საქმიანობა სწორედ ღაზაშია კონცენტრირებული.

მათივე ინფორმაციით, სამხედროები აკონტროლებენ ქალაქისკენ მიმავალ ყველა გზას. ასევე აღნიშნავენ, რომ   ღამით "ცახალმა" შეტევა მიიტანა საგუშაგოებზე, შტაბებსა და "ჰამასის" სხვა ინფრასტრუქტურაზე.

შეტაკებები გრძელდება ისრაელ-ლიბანის საზღვარზეც. ისრაელის თავდაცვაში იუწყებიან, რომ მათ ლიბანიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით "ჰეზბოლას" მრავალჯერადი სარაკეტო სისტემის იერიშს უპასუხეს.

საარტილერიო ცეცხლის სამიზნეში ღამით ანკლავის ქალაქი ბეით-ჰანუნე მოექცა, რომელიც სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში შესასვლელ ერთ-ერთ მთავარ გზაზე მდებარეობს.

ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ანკლავში მწვავე ჰუმანიტარული კრიზისია. დაღუპულთა რაოდენობა კი 9 000 აჭარბებს.

გაეროს ექსპერტები აცხადებენ, რომ ჰუმანიტარული პაუზა აუცილებელია, რათა რაფაჰის გამშვები პუნქტის გავლით ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა და ანკლავიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდეს.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ კი ისრაელისთვის 14.3 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას მხარი დაუჭირა, თუმცა აღნიშნულ კანონპროექტს დემოკრატები სენატში არ განიხილავენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი