უცხოური მედიის ინფორმაცით სტიქიას ევროპაში ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. ევროპის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში შტორმი „კიარანი“ მძვინვარებს.
ორი ადამიანია დაღუპა საფრანგეთში. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, ასევე დაშავებულია 15 ადამიანი, მათ შორის შვიდი მეხანძრე-მაშველი. საფრანგეთში ევაკუირებულია 1 300-მდე ადამიანი.
ერთი ადამიანი დაღუპა ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში და კიდევ ერთი ნიდერლანდების სამხრეთ ნაწილში.
სტიქიას ორი ადამიანი ემსხვერპლა ბელგიის ქალაქ გენტში, მათ შორის ხუთი წლის ბავშვი.
შტორმის გამო, სტიქიის ზონაში დახურულია სკოლები, შეფერხებულია სარკინიგზო მიმოსვლა, გაუქმდა ავიარეისები. საფრანგეთში 1,2 მილიონი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
ჩრდილოეთ ირლანდიაში, შტორმის გამო, ძლიერი ქარი და წყალდიდობაა. სტიქიამ პრობლემები შექმნა ბრიტანეთის ნორმანდიის კუნძულებზე, სადაც ძლიერმა ქარმა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დააზიანა. ნიდერლანდების ავიახაზებმა უამინდობის გამო ასობით ავიარეისი გააუქმა, ასევე გაუქმდა სარკინიგზო რეისები ამსტერდამიდან პარიზში. ათობით ავიარეისი გაუქმდა ესპანეთში.