ევროკავშირი ღაზის სექტორისთვის 50 მილიონი ევროს ღირებულების დამატებით ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ პირველი დახმარება უკვე მიიტანეს ღაზის სექტორში.
„ჩვენ გვქონდა ხანგრძლივი და ინტენსიური დისკუსია ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე. საერთო პოზიცია ძალიან მკაფიო იყო. ისრაელს თავს დაესხა ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“. ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონის შესაბამისად. ლიდერების მხრიდან იყო ძლიერი მოწოდება, რომ „ჰამასმა“ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ყველა მძევალი ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. ამასთან ერთად, ცხადი გახდა, რომ „ჰამასი“ თავისი ტერორისტული ქმედებებით ზიანს აყენებს პალესტინელ ხალხსაც. კომისიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ ჩვენი ძალისხმევა ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისის მოსაგვარებლად. დახმარებამ უნდა მიაღწიოს ღაზის სექტორში შეუფერხებლად და სწრაფად“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.