ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ორმხრივი ცეცხლი, მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. "ჰამასის" მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ მსხვერპლი 5 800-მდეა გაზრდილი.
ისრაელის არმია იერიშების გააქტიურების მიზეზად ღაზის სექტორიდან ისრაელის ტერიტორიაზე, ზღვის გავლით, მყვინთავთა ჯგუფის შეღწევის მცდელობას ასახელებს. სამხედრო უწყებაში აცხადებენ, რომ მყვინთავები „ჰამასის“ წევრები იყვნენ, რომლებიც ქიბუც ზიკიმში შესვლას ცდილობდნენ.
ღაზაში საწვავის დეფიციტია. გაეროს მონაცემებით, თუკი ტერიტორიაზე საწვავი არ შევა, მინიმუმ 6 საავადმყოფო იძულებული გახდება, დაიხუროს. ისრაელის სამხედროები კი სექტორში საწვავის შეტანაზე უარს ამბობენ, იმ მიზეზით, რომ მას ,,ჰამასი'' გამოიყენებს.
ისრაელმა დრონებით შეუტია დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ჯენინს. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება ლტოლვილთა ბანაკთან პატრულირების განხორციელებას მოჰყვა. ისრაელი აცხადებს, რომ პატრულირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბოევიკებმა ისრაელის ჯარებს ცეცხლი გაუხსნეს და ბომბები ესროლეს.
პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ისრაელის მოიერიშე თვითმფრინავებმა დღეს დილით სირიის არმიის სამხედრო ინფრასტრუქტურას და ნაღმმტყორცნებს დაარტყეს.
თავდაცვის ძალებში განმარტავენ, რომ თავდასხმა ისრაელის მიმართულებით რაკეტის გასროლის საპასუხოდ განხორციელდა.