ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი შეუერთდა მოწოდებას ისრაელსა და პალესტინურ დაჯგუფება ჰამასს შორის კონფლიქტის შეჩერების შესახებ, რათა ღაზას უფრო მეტი დახმარება მიეწოდოს. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა - განაცხადა ბორელმა ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ.
მისი თქმით, მინისტერიალზე გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის მოწოდებას განიხილავენ ჰუმანიტარული პაუზის შესახებ, რათა ღაზაში პალესტინელი მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება შეძლონ.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის თქმით, ღაზიდან "ტერორიზმის" გაგრძელებამ შეუძლებელი გახადა სექტორში ჰუმანიტარული კატასტროფის შეკავება.
ბერბოკმა გაიმეორა ევროკავშირის დიდი ხნის პოზიცია, რომ ისრაელებსა და პალესტინელებს მშვიდობასა და უსაფრთხოებას მხოლოდ ორი სახელმწიფოს თანაარსებობის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებები მოუტანს.