ღაზის სექტორში დაღუპულთა რაოდენობა 2750-მდე გაიზარდა - ისრაელი 1 400 დაღუპულის შესახებ იუწყება

17 ოქტომბერი 2023, 10:10 633 ნახვა

ღაზის სექტორში დაღუპულთა რაოდენობა 2750-მდე გაიზარდა - ინფორმაციას პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაახლოებით 1000 ადამიანი ნანგრევებში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ისრაელის მხარეს კონფლიქტის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 1400-ს აჭარბებს. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს, ღაზის სექტორში „ჰამასისა“ და პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ 200-ზე მეტ სამიზნეზე მიიტანეს იერიში.

თავდაცვის ძალების ცნობით, ადგილები მოიცავს შტაბბინას, სადაც მოკლეს „ჰამასის“ რამდენიმე წევრი და ბანკს, რომელსაც „ჰამასი“ იყენებდა.

ისრაელის თავდაცვის ძალებში ასევე აცხადებენ, რომ დარტყმები განახორციელეს ისრაელის სამხედრო-საზღვაო ძალების გემებმაც, მათ შორის, „ჰამასის“ სამეთაურო ცენტრებსა და იარაღის საწყობებზე.

"ჰამასის“ სპიკერის აბუ უბაიდის განცხადებით, ისრაელზე თავდასხმის შემდეგ ღაზის სექტორში 200-დან 250-მდე ტყვეა. უბაიდა ასევე ამბობს, რომ ისრაელის სახმელეთო ოპერაცია „ჰამასის“ მებრძოლებს არ აშინებს და ისინი მზად არიან ამისთვის. მისი თქმით, ღაზის სექტორში მცხოვრები ხალხი არ დატოვებს ტერიტორიას, რადგან მათი გადაადგილება ზიანს აყენებს ეგვიპტის ეროვნულ უსაფრთხოებას.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიის განცხადებით, ღაზის სექტორში ჰუმანიტარულ კატასტროფამდე 24 საათი რჩება, ასევე აღნიშნავენ, რომ იქ წყლის, ელექტროენერგიისა და საწვავის მარაგი უკვე იწურება.

ღაზის სექტორში მცხოვრები მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდების აუცილებლობაზე მიუთითებს გაეროს ლტოლვილთა დახმარების სააგენტოც და აღნიშნავს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, რეგიონში გადამდები დაავადებების გავრცელების საშიშროება იქნება. გაერო ცალსახად აცხადებს, რომ ღაზის სექტორს, ჰუმანიტარული დახმარების მიღების შესაძლებლობა უნდა მიეცეს, რომელიც ამ დროისთვის ჯერ ისევ ეგვიპტის საზღვარზე, რაფაჰის გამშვებ პუნქტზეა გაჩერებული.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი