"ჰამასის" თავდასხმების შედეგად 900-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 2500-ზე მეტი კი დაშავდა - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მთავრობა ავრცელებს.
დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაციას პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროც ავრცელებს. უწყების ცნობით, 560-ზე მეტი ადამიანია დაღუპული, დაშავებულთა რიცხვი კი 2900-ს აჭარბებს.
გაეროს მონაცემებით, ღაზის სექტორში იძულებით გადაადგილებულთა რიცხვმა 187 518-ს გადააჭარბა და ეს რაოდენობა კიდევ გაიზრდება. გაეროს ცნობითვე, საბრძოლო მოქმედებების ესკალაციის დაწყებიდან ღაზის სექტორში დაზიანებულია 4 სკოლა და 8 სამედიცინო დაწესებულება.
ღაზას სექტორზე საჰაერო დარტყმები მთელი ღამის განმავლობაში ხორციელდებოდა. გამთენიისას ისრაელის არმიამ „ჰამასისა“ და პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ ათობით ობიექტს დაარტყა. სამიზნეში მოექცა გვირაბის შესასვლელები, მეჩეთი, იარაღის შესანახი საწყობები, დაჯგუფების შეკრების ადგილები.
ისრაელის სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ 260-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა მუსიკალურ ფესტივალზე.
შეგახსენებთ, რომ სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.
8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.