გასული დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 24 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, რუსულმა ძალებმა 9 სარაკეტო და 79 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 60-ჯერ გახსნეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე მორიგი იერიში უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანა. გასული ღამის განმავლობაში საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს 24 ე.წ. კამიკაძე-დრონი. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 17 გაანადგურეს.
უკრაინის პოლტავის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დმიტრო ლუნინის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დრონებით შეუტიეს ქალაქ კრემენჩუგში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის ჯგუფები მუშაობენ. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.
ღამით საჰაერო განგაში მოქმედებდა უკრაინის ჩრდილოეთით, აღმოსავლეთით, სამხრეთით და კიევში. დილის ხუთ საათზე კი საჰაერო თავდასხმის განგაში ყველა რეგიონში გამოცხადდა.