უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება. უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 2 სექტემბრამდე, არსებულ ინფორმაციას მოიცავს.
უწყების ცნობით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დაახლოებით 570 სამხედრო, 12 ტანკი და 30 საარტილერიო სისტემა. საბრძოლო მოქმედებების პარალელურად აშშ უკრაინას ურანის შემცველ საბრძოლო მასალას პირველად გადასცემს - ინფორმაციას სააგენტო Reuters საკუთარ წყაროებზე, მათ შორის, აშშ-ს ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც სააგენტო წერს, აღნიშნული საბრძოლო მასალა უკრაინისთვის განკუთვნილი სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის ნაწილია, რომელსაც აშშ, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გამოაცხადებს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, დახმარების ახალი პაკეტის ღირებულება 240-დან 375 მილიონ დოლარამდე იქნება.