დღეს მართლმადიდებლური ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში ღვთისმსახურება ტარდება, ტრადიციულად ტაძრებში ხილს აკურთხებენ.
წირვა გაიმართა ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაშიც.
მართლმადიდებლებისთვის ფერიცვალება 12 უდიდეს დღესასწაულს შორის ერთ-ერთია, ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა.
სახარების თანახმად, მაცხოვარმა ფერიცვალება ინება იმისთვის, რომ ცხადად ეჩვენებინა მოციქულთათვის და მორწმუნეებისთვის მომავალი ცხოვრების საიდუმლო.