გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე, ალპურ ზონაში მეტეოროლოგიური სადგური მოაწყო.
სადგური უზრუნველყოფს მეტეოროლოგიური პარამეტრების, ატმოსფერული წნევის, ჰაერის ტემპერატურის და სინოტივის, ნალექების რაოდენობის, ქარის სიჩქარის და მიმართულების უწყვეტად გაზომვას და მონაცემების ონლაინ რეჟიმში გადაცემას.
განხორციელებული პროექტების შესახებ გამართულ სამუშაო შეხვედრას გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ირაკლი მეგრელიძე დაესწრო და მეტეოროლოგიური სადგურის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სადგურიდან მიღებული მეტეო მონაცემები მნიშვნელოვანია როგორც რეგიონში ტურიზმის განვითარების, ისე სამეცნიერო თვალსაზრისით. სადგურების განთავსებისთვის ადგილის შერჩევა კლიმატური ფაქტორებისა და რელიეფის გათვალისწინებით ხდება. ამ ეტაპზე, ლაგოდეხის ტერიტორიაზე 2 მეტეო სადგური ფუნქციონირებს.
აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო ჰიდრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ქსელის გაფართოების, თანამედროვე საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო და საპროგნოზო სისტემების დანერგვის სამუშაოებს ახორციელებს. ქვეყნის მასშტაბით უკვე დამონტაჟებულია 256 ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ამინდის პროგნოზირების ხარისხს.
შეხვედრას დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტოსა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.