შვეიცარია ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-11 რაუნდს შეუერთდა. მედიის ინფორმაციით, შვეიცარიის აღმასრულებელმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ევროკავშირის მიერ 23 ივნისს მიღებული ზომები მათ ქვეყანაშიც ამოქმედდეს. შვეიცარია, რომელიც ევროპული ბლოკის წევრი არ არის, ევროკავშირის მთავარი სავაჭრო პარტნიორია და იცავს ყველა სანქციას, რაც ბლოკმა ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსული კომპანიებისა და ფიზიკური პირების წინააღმდეგ დააწესა.
ევროკავშირის სანქციების მე-11 რაუნდი მიზნად ისახავს სანქციებიდან თავის დაძვრენის გზების დახურვას, რათა ომის წარმოებისთვის მნიშვნელოვანი საქონელი არ მოხვდეს რუსეთში იმ ქვეყნების გავლით, რომლებსაც ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობა აქვთ და მოსკოვთან ჩვეულებრივ ურთიერთობას ინარჩუნებენ.
ევროკავშირის სანქციები გავლენას ახდენს ბანკებზე, კომპანიებსა და ბაზრებზე. სანქციების ფარგლებში 1 000-ზე მეტ თანამდებობის პირს ქონება დაუყადაღდა და ბლოკის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალა.