შოვში, სტიქიური უბედურების ზონაში სამძებრო სამუშაოები მე-8 დღეა გრძელდება. 12 დაკარგულის ძებნის არეალი გაფართოვდა, ცოცხალი ძალა და სპეცტექნიკა უკვე 10 ლოკაციაზე მუშაობს.
სტიქიის ზონაში მთავარი საძიებო პერიმეტრი კვლავ კოტეჯების ტერიტორია და მჟავე წყლებისკენ მიმავალი გზაა. ამ დროისთვის შოვის სამძებრო და სალიკვიდაციო სამუშაოებში 400 მაშველია ჩართული. ადგილზეა 90 ერთეული მძიმე ტექნიკა, მათ შორის სპეციალური მანქანები. პროცესში იყენებენ მეტალო-დეტექტორებსაც. სამძებრო სამუშაოებში აქტიურად ჩართულია თავდაცვის ძალებიც. მაშველებმა ორ სხვადასხვა ადგილას გუშინ კიდევ 2 ცხედარი იპოვეს.
ბოლო მონაცემებით, 3 აგვისტოს შოვში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანი იმსხვერპლა, მათგან მხოლოდ 17-ია იდენტიფიცირებული.