რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებმა, სამუშაო შეხვედრის ფორმატში, რეგიონული განვითარების, ფინანსთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების წარმომადგენლებთან და მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრა გამართეს.
საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა შეხვედრის მონაწილეებს სამინისტროს მიერ მომზადებული ახალი საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო, რომელსაც უწყება უახლოეს პერიოდში პარლამენტს წარუდგენს. საუბარი შეეხო ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის მიმართულებებს, მუნიციპალიტეტებისთვის ქონების გადაცემის და განკარგვის, მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის, გრანტების აღების და გაცემის, ასევე მშენებლობების ნებართვების და ზედამხედველობის საკითხებს.
„შეხვედრის მონაწილეებმა განვიხილეთ თუ როგორ უნდა გაგრძელდეს რეგიონული განვითარების ფონდებიდან თანხების ათვისება. ასევე ვიმსჯელეთ სოფლის პროგრამის შესახებ, რომლის თაობაზეც მუნიციპალიტეტების მერებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს. საკითხზე მსჯელობისას აღინიშნა, რომ სოფლის განვითარებისთვის აღნიშნული პროგრამა მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს, თუმცა ის, ამ ეტაპზე მოდერნიზაციას და გარკვეულ ცვლილებებს საჭიროებს. საუბარია სოფლის პროგრამისთვის გამოყოფილი თანხების გაზრდაზე, რათა სრულად მოიცვას ის საჭიროებები, რაც სოფლის განვითარებას უკავშირდება. შევთანხმდით, რომ დღეს განხილულ საკითხებზე და ასევე სხვა დამატებით მიმართულებებზე, მსგავსი ფორმატის გაფართოებული შეხვედრა მომავალშიც გაიმართება“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე