ჩვენ გვინდა, რომ ქართველმა სტუდენტებმა მაღალი დონის, მაღალი ხარისხის განათლება მიიღონ სწორედ ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მთავარი გამოწვევა არის ხარისხი და ის 7 ამოცანა, რომელიც დაისახა კონცეფციის ფარგლებში, სწორედ ამ მთავარი გამოწვევის დაძლევას ემსახურება.
„მთავარი გამოწვევა, ზოგადად, არის ხარისხი. ჩვენ არ გვაქვს უზრუნველყოფილი სათანადო, თანამედროვე, მაღალი სტანდარტები უმაღლესი განათლების სისტემაში. ეს არის მთავარი გამოწვევა და ის 7 ამოცანა, რომელიც დაისახა ჩვენს მიერ კონცეფციის ფარგლებში, ემსახურება სწორედ ამ მთავარი გამოწვევის დაძლევას.
ჩვენ გვინდა, რომ ქართველმა სტუდენტებმა მაღალი დონის, მაღალი ხარისხის განათლება მიიღონ სწორედ ჩვენს ქვეყანაში. ეს არის უმთავრესი ამოცანა, რომელსაც ემსახურება უმაღლესი განათლების რეფორმა. ძალიან დიდი სამუშაოა გაწეული, ძალიან მკაფიოდ არის დანახული გამოწვევები და ძალიან მკაფიოდ არის დასახული პრიორიტეტები, შესაბამისად, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ეს კონცეფცია უკვე სრულად აღსრულდეს. ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო კლასების სასწავლო პროგრამა მისაღებ გამოცდებზე საერთოდ არ არის მორგებული; საჭირო არის ჯანსაღი პროგრამა, რომელიც მოსწავლის ინტერესებზე თავიდან ბოლომდე იქნება მორგებული.
„მე-12 კლასის საკითხი რომ ავიღოთ, დღეს იცით, რა მდგომარეობაა. პრაქტიკულად, მე-12 კლასში, თითქმის არ დადიან ბავშვები სკოლაში, რადგან ურჩევნიათ, მოემზადონ მისაღები გამოცდებისთვის. ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ საერთოდ არ არის მორგებული ბოლო კლასების სასწავლო პროგრამა მისაღებ გამოცდებზე. ასეთ პირობებში, არ უღირთ მოსწავლეებს სკოლაში სიარული. ეს მდგომარეობა უნდა შეიცვალოს. ნაცვლად იმისა, რომ საერთოდ არ იარონ ბოლო კლასებში მოსწავლეებმა სკოლებში, ჩვენ გვჭირდება ჯანსაღი პროგრამა, რომელიც თავიდან ბოლომდე იქნება მორგებული მოსწავლის ობიექტურ ინტერესებზე. ყველა საკითხზე მზად ვართ მსჯელობისთვის. მთავარია, რომ შედგეს ჯანსაღი დისკუსია თითოეულ თემასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პრემიერმა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე