საბერძნეთში, იტალიასა და თურქეთში ძლიერ ხანძრებს ებრძვიან

26 ივლისი 2023, 10:00 641 ნახვა

მაღალი ტემპერატურის პარალელურად, რამდენიმე დღეა საბერძნეთი ტყის ხანძარს ებრძვის. სტიქია ათენთან ახლოს მძვინვარებს. ტყის მასივში გაჩენილი ცეცხლი ახლომდებარე დასახლებებთანაც ვრცელდება, რის გამოც მოსახლეობა გაიხიზნა. ბოლო დღეებში ხელისუფლებამ კუნძულ როდოსის სამხრეთით მდებარე სახლებიდან და კურორტებიდან 20 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინა.

მოსახლეობის ევაკუაცია კუნძულ კორფუს ჩრდილოეთით მდებარე მთის სოფლებიდანაც განხორციელდა, რადგან ახლომდებარე ტყეში ხანძარი მძვინვარებდა. საბერძნეთში ბოლო კვირების განმავლობაში ძალიან მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა.

ტყის ხანძრები მძვინვარებს მეზობელ თურქეთშიც. ქვეყანაში ცეცხლის რამდენიმე კერაა დაფიქსირებული. სტიქიასთან ბრძოლისთვის მობილიზებულია როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო სამაშველო სამსახურები. ხელისუფლებამ სამხრეთ სანაპირო ქალაქ ქემერში სახანძრო თვითმფრინავი გაგზავნა, რადგან რეგიონში ხანძრის გავრცელება გრძელდებოდა.

4 ადამიანი დაიღუპა იტალიაში ხანძრების შედეგად, აქედან 3 სიცილიაში და კიდევ ერთი რეჯო კალაბრიაში დაიღუპა. 2000-მდე ადამიანი კი იძულებული გახდა ხანძრის გამო საცხოვრებელი ტერიტორია დაეტოვებინა. ხანძარი გრძელდება პალერმოშიც, ქალაქი ხანძრის ნისლმა მოიცვა, რამაც ქალაქის აეროპორტის დროებით დახურვა გამოიწვია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი