16 წლის გოგონა დაიღუპა და 13 ადამიანი დაშავდა პოლონეთში ბავშვთა სახლზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად. ინციდენტი გვიან ღამით ქალაქ ლოძთან ახლოს მოხდა.
პოლიციის ინფორმაციით, 19 წლის კაცი სოფელ ტომისლავიცეში მდებარე ბავშვთა სახლში ფანჯრიდან შეიჭრა და ბასრი საგნით სხეულის დაზიანებები მიაყენა რამდენიმე ადამიანს.
დაშავებულები, რომელთა შორის ბავშვთა სახლის აღსაზრდელები და ერთი მასწავლებელია საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
თავდამსხმელი, რომელსაც არ აქვს კრიმინალური წარსული, მომხდარიდან ერთი საათის შემდეგ საკუთარ სახლში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მას პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. ადგილობრივი მედია წერს, რომ თავდამსხმელი დაღუპული გოგონას ყოფილი შეყვარებული იყო.