უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება. გასული დღის განმავლობაში მტერმა 5 სარაკეტო და 16 დარტყმა განახორციელა. ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმისთვის.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ლიმანის მიმართულებით ოკუპანტმა წარუმატებელი შეტევა განახორციელა. რუსების დანაკარგი ომის დაწყებიდან უკვე 174 ათასს სცდება, მათგან 560 რუსი სამხედრო უკრაინის დამცველებმა გუშინ გაანადგურეს.
ბოლო 24 საათში დაიბომბა ხერსონის ოლქიც, სადაც 1 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა. გაერო-ს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც რუსეთი 1 თვე უწყების თავმჯდომარე ქვეყანა იქნება, უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა. ზელენსკის თქმით ეს საერთაშორისო ურთიერთობების სრულ გაკოტრებას ადასტურებს.
ასევე პრეზიდენტმა რუს მაღალჩინოსნებსა და სხვადასხვა კომპანიას ახალი სანქციები დაუწესა. საუბარია 650-ზე მეტ პირზე.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ვერც ერთი პირი პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა, ვინც რუსეთის მიერ წარმოებულ ომში რაიმე ფორმით არის ჩართული.