ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში, სავარაუდოდ წიწაკის სპრეი გაუშვეს

27 მარტი 2023, 13:41 1656 ნახვა

ბათუმის პირველ საჯარო სკოლასთან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მოსწავლეებმა საგანმანათლებლო სივრცე​ში წიწაკის სპრეი გაუშვეს, რამაც მოზარდებში თავის ტკივილი და თვალების წვა გამოიწვია.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ 10 მოსწავლე, ერთი მასწავლებელი და ერთი მანდატურის სამსახურის წარმომადგენელი ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკაში გადაიყვანა.

სკოლის ადმინისტრაციამ მომხდართან დაკავშირებით, პოლიცია გამოიძახა. სკოლის დირექტორის განცხადებით, ინციდენტის შესახებ, მიზეზებსა და დეტალებს გამოძიება დაადგენს.

მისივე განცხადებით, სასწავლო პროცესი არ შეჩერებულა და საგაკვეთილო პროცესი მეორე ცვლაში ჩვეულებრივად გაგრძელდა. დირექცია დაუკავშირდა მშობლებს და მე-7 კლასის მოსწავლეები, რომლებიც არ საჭიროებდნენ სამედიცინო დახმარებას სახლში გაუშვეს.

"ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ერთ კონკრეტულ კლასში მასწავლებელს ჰქონდა სუნთქვის უკმარისობა და ხველება დაეწყო, რომლის შესახებაც გვაცნობეს ჩვენ და მე და მანდატური პირადად ავედით ამ კლასში. მასწავლებელი და ბავშვები გამოვიყვანეთ საკლასო ოთახიდან. ბავშვების გამოყვანის შემდგომ თავის დაცვის, პრევენციის მიზნით გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარება. პირველ რიგში დახმარება დასჭირდა მასწავლებელს და მანდატურს,  მოვახდინეთ მშობლების ინფორმირება და ვაცნობეთ იმის შესახებ, რომ კონკრეტულად რამდენიმე ბავშვს დაეწყო თავის ტკივილები, სიმპტომების გამო, პრევენციის მიზნით მოსწავლეები გადაყვანილი არიან ბავშვთა საავადმყოფოში," - განაცხადა სკოლის დირექტორმა ნატალია მგელაძემ.

 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი