პუტინის ომმა 464 ბავშვის სიცოცხლე შეიწირა

12 მარტი 2023, 10:52 508 ნახვა

464 გარდაცვლილი უკრაინელი ბავშვი, 1 398-ზე მეტი დაშავებული. ასეთია პუტინის ომის შედეგები უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე. ქვეყნის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა, მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო შეუძლებელია.  პარალელურად გრძელდება იერიშები უკრაინის ქალაქებზე.

გასული დღე ღამის განმავლობაში ზაპოროჟიესა და ხერსონის მიმართულებით 30-ზე მეტი დასახლებული პუნქტი დაიბომბა. რთული ვითარებაა ბახმუტთან, რომლის აღებასაც მტერი გაძლიერებული იერიშებით ცდილობს.

ჯერ კიდევ გუშინ ე.წ ვაგნერის დაჯგუფება ირწმუნებოდა, რომ ქალაქის ნაწილს აკონტროლებდა, თუმცა უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, მესაზღვრეებმა ბახმუტის ინდუსტრიულ ზონაში „ვაგნერელების“ ჯგუფი გაანადგურეს. რთული ვითარებაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დონეცკის ოლქში, ვოლოდიმიროვკაში მოქალაქეებს ე.წ რეგისტრაციის გარეშე შესვლა ეკრძალებათ, ასევე შეზღუდული აქვთ ქუჩებში გადაადგილება. 

დღის განმავლობაში უკრაინულმა ავიაციამ მტრის კონცენტრირებულ ადგილებში 11 დარტყმა განახორციელა, ჩამოაგდო უპილოტო საფრენი აპარატი „ორლან 10“-ი  და გაანადგურა კიდევ 1 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთი გახდა ტერორის სინონიმი, გარდა ამისა პრეზიდენტმა უკრაინაში არსებულ რუსულ ტოტალიზატორებს სანქციები დაუწესა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში