გიორგი ნავალოვსკიმ 18-წლიანი საფეხბურთო კარიერა დაასრულა – ბათუმის „დინამოსა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველმა გადაწყვეტილება სეზონის დასრულების შემდეგ მიიღო. ნავალოვსკიმ კარიერა 2004 წელს თბილისის „დინამოში“ გია გეგუჩაძისა და კახა ცხადაძის დროს დაიწყო. მას შემდეგ ბევრ გუნდში ფორმა ითამაშა, – თბილისის „ოლიმპის“, მახაჩყალის „ანჟის“, ბაქოს „ინტერის“, ნიჟნი ნოვგოროდის „ვოლგის“, „ხიმკის“, რუსთავის „მეტალურგის“, ხაბაროვსკის „სკა-ენერგიის“, „ტოსნოს“, გორის „დილის“, „ვერიის“, მინსკის „დინამოს“. ბათუმის „დინამოში“ ნავალოვსკი 2019 ჩაირიცხა და გუნდის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე იყო, მაგრამ ირაკლი აზაროვის მისვლის შემდეგ სათადარიგოებში გადაინაცვლა.
წელს ბათუმელთა ფორმით მხოლოდ 16 მატჩი ჩაატარა და, საბოლოოდ, კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ნავალოვსკი საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას 2008-2021 წლებში იცავდა, მაგრამ, რეალურად, 2008 წელს ერთი მატჩი ჩაატარა და მომდევნო 7 წელი ნაკრებში აღარ იწვევდნენ. გიორგი ეროვნულ გუნდში 2015 წელს კახა ცხადაძემ დააბრუნა და რამდენიმე წელი მარცხენა ფლანგზე უალტერნატივო იყო. ვეტერანი მცველი „ჯვაროსნებიდან“ 2021 წლის ნოემბერში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე საქართველოსა და შვედეთის ნაკრებების შეხვედრამდე გააცილეს და საგანგებო ჯილდო გადასცეს. სულ ნავალოვსკიმ ეროვნულ გუნდში 41 მატჩი ჩაატარა.