საფრანგეთის ლიგა 1-ში ხვიჩა კვარაცხელიამ საგოლე გადაცემა შეასრულა და „პარი სენ ჟერმენს“ „ლე ავრთან“ საშინაო შეხვედრის მოგებაში დაეხმარა.
პარიზელებმა მეტოქე 3:0 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრების შემტევი ლუის ენრიკემ მოედანზე 71-ე წუთზე შეუშვა. 87-ე წუთზე კი კვარაცხელიას გადაცემით ბრედლი ბარკოლა „ლე ავრის“ მეკარესთან პირისპირ გავიდა და გოლიც გაიტანა. ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ეს კვარაცხელიას მესამე საგოლე გადაცემაა.
საფრანგეთის ლიგა 2-ში ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“ შინ „ნანსი“ 2:1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების შემტევი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 27-ე წუთზე ირვინ კარდონამ ანგარიში სწორედ მისი გადაცემით გახსნა. ეს დავითაშვილისთვის მიმდინარე სეზონში პირველი საგოლე გადაცემაა, მის ანგარიშზე ასევე 6 გოლია. „სენტ-ეტიენი“ კი 29 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „ტრუასთან“ ჩამორჩენა ორ ქულამდე შეამცირა.