უკრაინაში ომის 242-ე დღეს რუსმა სამხედროებმა ხერსონის ოლქის ორი დასახლება მთლიანად დატოვეს. ესენია ჩარივნოე და ჩკალოვო, ხოლო ბერისლავიდან ოფიცრებისა და სამედიცინო პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ხერსონის ოლქში გახშირებულია მოროდიორობისა და ადგილობრივი მოსახლეობის გაძარცვის ფაქტები.
გუშინ ხერსონის საოკუპაციო ძალებმა მაცხოვრებლებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა, ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის განცხადებით კი რუსეთი ამ ნაბიჯით ცდილობს ქალაქებისა და სოფლების მოსახლეობისგან დაცლას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში უარყოფითად იმოქმედებს უკრაინის მიერ გათავისუფლებული რეგიონების სოციალურ და ეკონომიკურ პოტენციალზე.იმის მიუხედავად, რომ ოკუპანტი ქვეყანა უარყოფს ირანული „შაჰედის“ დრონების გამოყენებას, უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურობის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში მათ ირანული წარმოების 16 კამიკაძე დრონი „შაჰედ 136“ ჩამოაგდეს.
ამასთან, მიკოლაევის მერის განცხადებით, გვიან ღამით ოკუპანტებმა ქალაქი “ეს-300” ტიპის რაკეტებით დაბომბეს, რის შედეგადაც დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა.
დონეცკის ოლქში კი კიდევ 4 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.