ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მეშვიდე პაკეტით შეზღუდვები 57 ფიზიკურ და იურიდიულ პირს დაუწესა.
სანქცირებულ ფიზიკურ პირებს შორის არიან მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი, სახელმწიფო დუმის დეპუტატი ადამ დელიხმანოვი, კემეროვის ოლქის გუბერნატორი სერგეი ცივილევი, ვიცე-პრემიერი ანდრეი ბელოუსოვი, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე სერგეი კოროლიოვი, რუსეთის ეროვნული გვარდიის ჯარების მთავარსარდალი ვიქტორ სტრიგუნოვი, ბავშვთა ომბუდსმენი მარია ლვოვა-ბელოვა, მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი და მსახიობი ვლადიმირ მაშკოვი.
ახალი შემზღუდავი ზომები მოიცავს ექსპორტის კონტროლის გაფართოებას, " სბერბანკის" აქტივების გაყინვას, ასევე ემბარგოს რუსული ოქროს იმპორტზე. ამავდროულად, სანქციების ქვეშ მოექცევა 50-მდე რუსი ფიზიკური და იურიდიული პირი.
მეშვიდე პაკეტი, ასევე ითვალისწინებს ევროკავშირის სანქციების წინა 6 პაკეტის მხარდაჭერას, მათი ეფექტურობის გასაზრდელად. კერძოდ, გაძლიერდება კონტროლი რუსეთში მაღალტექნოლოგიური და ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტზე. სანქციები ასევე მოიცავს ევროკავშირში შესვლის აკრძალვას და აქტივების გაყინვას.