94 მომხრე და 1 წინააღმდეგი - პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა

02 ივლისი 2020, 21:00 317 ნახვა

94 მომხრე და 1 წინააღმდეგი - საქართველოს პარლამენტმა "საარჩევნო კოდექსში" მომზადებული ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებები დაჩქარებული წესით დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს.

  • ცვლილებების მიხედვით სავალდებულო ხდება პარტიულ სიაში განსხვავებული სქესის წარმომადგენლის შეყვანა. პარტია რეგისტრაციას ვერ გაივლის თუ საარჩევნო სიის ყოველ ოთხეულში განსხვავებული სქესის წარმომადგენელი არ ეყოლება.
  • აკრძალული ხდება კენჭისყრის დღეს, სააგიტაციო მასალის განთავსება, საარჩევნო უბნის გარდა, შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის რადიუსშიც.
  • აკრძალული ხდება კენჭისყრის შენობაში ან ამ შენობიდან 25 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხებაც. ეს აკრძალვა არ შეეხება ეგზიტპოლის მიზნით განხორციელებულ საქმიანობას.
  • პროექტის მიხედვით, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აღარ ექნებათ საჯარო სკოლების პედაგოგებს, სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას, ასევე სსიპ-ებისა და სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირების თანამშრომლებს.
  • ცვლილებების თანახმად ამომრჩევლის მოსყიდვა 100 ლარამდე თანხითაც კი,  სისხლის სამართლის დანაშაული ხდება.
  • აკრძალული იქნება კენჭისყრამდე რვა საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე წინასაარჩევნო ფასიანი ან უფასო რეკლამის, საარჩევნო სუბიექტების პროგრამების განთავსება და გადაცემა ტელევიზიისა და რადიოს ეთერში გაშვება.
  • საარჩევნო მიზნებით ავტომატიზებული სატელეფონო ზარების განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა.
  • კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს მედია-კამპანიისა და პოლიტიკური სუბიექტებისთვის დათმობილი საეთერო დროის მიმართულებით მთელ რიგ ცვლილებებს.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში