შსს მინისტრი ლევან იზორიას ძმაზე: რა თქმა უნდა უმნიშვნელო ინციდენტი მოხდა

28 იანვარი 2020, 13:07 2564 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმის საქციელი პატრულთან ინციდენტის დროს დანაშაული არ არის. მისივე თქმით, ასეთი პრეცენდენტი ხდება ძალიან ბევრი, თუნდაც ავიღოთ აქციების დროს. მინისტრმა ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„გავიგეთ, რა თქმა უნდა, რომ უმნიშვნელო ინციდენტი მოხდა – მე ასე დავარქმევდი. ასეთი პრეცენდენტი ხდება ძალიან ბევრი, თუნდაც ავიღოთ აქციების დროს, ამაზე 10-ჯერ მძიმე ფაქტები ხდება, როდესაც არ ვაკავებთ. რა თქმა უნდა, ეს ძალიან არასასიამოვნო ფაქტი იყო, აგრესიული გახდა ეს ადამიანი. ამ ვიდეოს წინ რა უძღოდა, ის არ ჩანს, რატომ გახდა აგრესიული. ეს ადამიანი, როგორი ადამიანია მე ამის შეფასებას თავს უფლებას არ მივცემ, ოჯახმა თავად გააკეთა განცხადება. მოხდა ეს პრეცედენტი ექვსი წლის წინ. ეს ვიდეო შენახული ჰქონდა თუ რა იყო, მე ნამდვილად არც მახსოვდა  დვალიშვილი იყო, თუ სხვა გვარი'', -განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ პოლიციელ გიორგი დვალიშვილზე ზეწოლა არ იყო. სწორედ გიორგი დვალიშვილმა გაავრცელა ლევან იზორიას ძმის, ვახტანგ იზორიას კადრები. გომელაურის თქმით, თუ პოლიციელმა დანაშაულის ნიშნები დაინახა, კადრების შენახვის ნაცვლად გენინსპექციის ან პროკურატურისთვის უნდა მიემართა. მინისტრის თქმით, მომხდარ ფაქტს პროკურატურა იძიებს და დაელოდება საბოლოო  შედეგს.

''რაც შეეხება დევნას – რეფორმა გაკეთდა ჩვეულებრივ საპატრულო პოლიციაში და მას უწევდა სხვა თანამდებობაზე გადასვლა. მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ თუ მან ნახა რომ დანაშაული იყო, ის ვალდებული იყო წაეღო მტკიცებულებები  გენინსპექციაში, ან პროკურატურაში და არ უნდა შეენახა ვითომ „თავდაცვის“ მიზნით. ვინ დევნიდა? ექვსი წლის განმავლობაში თანამდებობაზე იყო ეს ადამიანი. ერთი წლის წინ მისმა მეუღლემ დაიწყო მუშაობა უწყებაში. როგორ ფიქრობთ, ექვსი წელი რომ დევნაში ყოფილიყო ეს ადამიანი, უსაფრთხოების სამსახურისგან, ან შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, იმუშავებდა კიდევ? რაც ამ ადამიანმა გააკეთა ახლა დღეს, ჩემთვის ძალიან მიუღებელია მისი საქციელი. მოქალაქის ქმედებაც მოსაწონი არ არის, რა თქმა უნდა, პატრულ-ინსპექტორმა უნდა დასაჯოს ის. თუ არასწორი მითითება მისცა მისმა ხელმძღვანელმა, უნდა გაესაჩივრებინა და არა შეენახა. მინისტრის მოადგილის მძღოლი არ არის უფროსი არც ერთი პატრულის თანამშრომლის, ჩემი მძღოლიც არ არის არც ერთი პატრულ-ინსპექტორის უფროსი. პროკურატურაში შეიტანა ამ ადამიანმა, იმედია სრული ვიდეო ექნება შენახული, სრული ვიდეო თუ არ წაშალა, რაც თვითონ არ აწყობდა ამ პატრულის თანამშრომელს. პროკურატურა იძიებს და დაველოდოთ“ ,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

23 იანვარს მთავარი არხის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, თუ როგორ აკავებს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას ძმას და როგორ აიძულებენ მის გათავისუფლებას ჩარევის შემდეგ. ვიდეო ტელევიზიას იმ პოლიციელმა მიაწოდა, რომელმაც 2014 წელს იზორიას ძმა დააკავა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში