ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ კომპანიას დოკუმენტაცია წესრიგში ჰქონდა, ამიტომ ცათამბჯენის მშენებლობაზე ნებართვა გასცეს

14 იანვარი 2020, 18:47 2288 ნახვა

საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ, რივიერას ტერიტორიაზე ''სილქ როუდ ჯგუფს'' ერთი ცათამბჯენის მშენებლობის უფლება მისცა. ნებართვა სამინისტრომ გასული წლის 24 დეკემბერს გასცა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში სატელევიზიო კომენტარი არ გაუკეთებიათ და მხოლოდ წერილობით გვიპასუხეს, სადაც წერია, რომ კომპანიას დოკუმენტაცია წესრიგში ჰქონდა, ამიტომ ცათამბჯენის მშენებლობაზე ნებართვა გასცეს.

''სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ გასცა მშენებლობის ნებართვა პირობით განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად, რომელიც ბათუმის საკრებულომ დაამტკიცა. კომპანიამ წარმოდგენილი დოკუმენტაცია წესრიგში ჰქონდა, ამდენად ტექნიკური საფუძველი მშენებლობის არადმტკიცების  შესახებ არ არსებობდა'' - წერია ეკონომიკის სამინისტროს პასუხში. 

სილქ როუდ ჯგუფის წარმომადგენელი, გიორგი მარი კი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ნებართვა მხოლოდ 42 სართულიან შენობაზეა გაცემული, დანარჩენი 4 ცათამბჯენის მშნებლობის ნებართვის მიღებას ეტაპობრივად აპირებენ.

მისი განმარტებით, ამ ეტაპზე კონცხზე მიმდინარეობს ხიმინჯების განთავსების სამუშაოები, რომელიც ერთ თვეში დასრულდება. ცათამბჯენის მშენებლობას კი სავარაუდოდ გაზაფხულიდან დაიწყებენ.

დღეს რივიერასთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა. ისტორიულ კონცხზე მოწყობილ სამშენებლო ღობეზე,  "მწვანე მომავალის" აქტივისტები და ცათამბჯენების მშენებლობის მოწინააღმდეგეები აბრახუნებდნენ.  

ტერიტორია 8 დეკემბერს შემოიღობა. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში