EMC გიორგი გახარიას სამთავრობო პროგრამას აფასებს

08 სექტემბერი 2019, 15:25 232 ნახვა

ადამიანის უფლებების, სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, სამთავრობო ცვლილებებს ეხმიანება და დასამტკიცებელი გუნდის პროგრამის შეფასებას აქვეყნებს. ორგანიზაციის შეფასებით, საზოგადოების კრიტიკის და პროტესტის შემდეგ, გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნა საზოგადოებრივი აზრის დემონსტრაციული უგულებელყოფაა. სამთავრობო პროგრამა კი ცალსახად მიუთითებს ახალი სამთავრობო გუნდის პრობლემურ პრიორიტეტებზე, სადაც დემოკრატიული რეფორმების საკითხი უგულებელყოფილია, ადამიანის უფლებები კი ავტონომიურადაც არ არის განხილული და სრულიად გაუგებრად, უსაფრთხოების კონტექსტშია წარმოდგენილი.

„თვალშისაცემია საარჩევნო წელს, სწორედ ძალოვანი მინისტრების გაძლიერების ინტერესი და მცდელობა მმართველი პოლიტიკური გუნდის მხრიდან, რაც ცხადია, ძალაუფლების შენარჩუნებისთვის საპოლიციო და სამართალდამცავი უწყებების პოლიტიკური გამოყენების რისკებს და ნიშნებს ატარებს. სამთავრობო პროგრამაში უგულებელყოფილია მმართველობის სისტემის ძირეული რეფორმისა და დემოკრატიის კონსოლიდაციის იდეები. შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს და კიდევ უფრო გაძლიერდეს ადამიანის უფლებების დეპარტამენტის როლი, ისევე როგორც ახლად შექმნილი მართლწესრიგის ოფიცრების მექანიზმი.

სამწუხაროა, ისიც რომ ქვეყანაში, სადაც ციხის პოპულაციის მესამედი არაჰუმანური კანონმდებლობის საფუძველზე, ნარკოტიკული დანაშაულისთვის იხდის სასჯელს, სამთავრობო პროგრამა ნარკოპოლიტიკას მხოლოდ ორგანიზებული დანაშაულის კონტექსტში ახსენებს.პროგრამაში აღნიშნულია მხოლოდ ის, რომ შს სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს ბრძოლას ნარკოდანაშაულთან, თუმცა არაფერს ამბობს არაერთ წინა პოლიტიკურ დაპირებაზე, მათ შორის, გიორგი გახარიას მიერ 2018 წლის მაისში გაკეთებულ საჯარო დაპირებაზე, რომ ნარკოპოლიტიკის რეფორმის საკითხი უმოკლეს ვადებში გადაწყდებოდა.

სამთავრობო გეგმაში წარმოდგენილი ქვეთავი ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით სრულად არ ასახავს იმ გამოწვევებს, რომელიც ამ მიმართულებით ქვეყანაში დგას. გეგმა ვრცელ მიმოხილვას მოიცავს უსაფრთხოების და სამხედრო სფეროს მიმართულებით, თუმცა ადამიანის უფლებების კუთხით მთავრობის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების აღწერა ზოგადი, არახელშესახები და ბუნდოვანია.“ - ნათქვამია ადამიანის უფლებების, სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი