მაშველებმა ქვანახშირის მასის ქვეშ მოყოლილი 55 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს 

28 მაისი 2019, 10:40 1199 ნახვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულში სამაშველო ოპერაცია დასრულდა. მაშველებმა ნახშირის კარიერის გამაგრებითი სამუშაობის დროს, ქვანახშირის მასის ქვეშ მოყოლილი 55 წლის მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს.

სამძებრო სამუშაოები, გუშინ დაახლოებით 16:00 დაიწყო და მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

უწყების ინფორმაციით, მაშველებს მუშაობა რთულ პირობებში უწევდათ, რადგან სამუშაოებს გრუნტის მასების ჩამოშლის მაღალი საფრთხე და კარიერის ამორტიზებულობა აფერხებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

55 წლის მამაკაცი მიწისა და ქვანახშირის მასის ქვეშ გუშინ მოყვა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მომხდარის მიზეზი უსაფრთხოების ნორმების დარღვევა გახდა.

 

 

 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში