„არამეგობრულმა“ ქვეყნებმა გაზის საფასური რუბლებში უნდა გადაიხადონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კონტრაქტები შეჩერდება - პუტინი

31 მარტი 2022, 21:32 1078 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ახალი განკარგულების თანახმად, ე.წ. არამეგობრულ ქვეყნებთან ბუნებრივი აირით ვაჭრობისას კომპანიებს რუსულ ბანკებში უნდა ჰქონდეთ ანგარიშები და საფასური რუბლებში გადაიხადონ.

ვლადიმერ პუტინის თქმით, ახალი რეგულაცია 1-ლი აპრილიდან ამოქმედდება.

"დღეს ხელი მოვაწერე განკარგულებას, რომელიც ე.წ. არამეგობრულ სახელმწიფოებთან რუსული ბუნებრივი აირით ვაჭრობის წესებს ადგენს. ჩვენ ვთავაზობთ, რომ ამ ქვეყნებში კონტრაგენტებმა გამოიყენონ ძალიან მარტივი და გამჭვირვალე სქემა რუსული გაზის შესაძენად. მათ რუსულ ბანკებში რუბლის ანგარიში უნდა გახსნან და გადახდები ამ ანგარიშებიდან უნდა განხორციელდეს.

თუ ეს გადახდები არ განხორციელდება, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს მყიდველების მხრიდან შეუსრულებლობას წარმოადგენს და ეს გამოიწვევს შედეგებს. არავინ არაფერს გვაძლევს უფასოდ და არ ვაპირებთ ქველმოქმედებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოქმედი კონტრაქტები შეჩერდება“, - განაცხადა პუტინმა.

ცოტა ხნის წინ საკითხს დიდი ბრიტანეთი გამოეხმაურა, გაერთიანებული სამეფო უარს ამბობს რუსული გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი