მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ აღმასრულებელი საბჭოს საგანგებო სხდომას მოიწვევს რომელზეც რუსეთისთვის წევრის სტატუსის შეჩერების საკითხს განიხილავენ.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული სხდომა დღეს, 8 მარტს უნდა გაიმართოს.
„რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა იწვევს ადამიანების ტანჯვას და საფრთხეს უქმნის მთელ მსოფლიოს. ეს ქმედებები ეწინააღმდეგება გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ფუნდამენტურ მიზნებს“ - ამის შესახებ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა განაცხადა.
რუსეთის წევრობის შეჩერების მოთხოვნით ორგანიზაციას გვატემალამ, ლიტვამ, პოლონეთმა, სლოვენიამ და უკრაინამ მიმართა. მისი მიღების შემდეგ UNWTO-ს გენერალური მდივანი იძულებული გახდა მოეწვია აღმასრულებელი საბჭოს საგანგებო სხდომა, რომელიც ესპანეთის დედაქალაქში გაიმართება.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ თავის ისტორიაში პირველად მოუწევთ მსგავს საკითხზე მსჯელობა.
პარალელურად როსტურიზმის ხელმძღვანელმა განცხადება გააკეთა და მოუწოდა მათ, არ გარიცხონ რუსეთი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციიდან.
ამ დროისათვის მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას დამატებით განცხადება სხდომის მოწვევის ან რუსეთთან მიმართებაში რაიმე სახის გადაწყვეტილების შესახებ არ გაუვრცელებია. ამ ეტაპზე უცნობია როდის დაიწყება დაანონსებული სხდომაც.
რუსეთი UNWTO-ს 1975 წელს შეუერთდა.