23 თებერვალს კრივში საქართველოს ჩემპიონატი დაიწყება ბათუმში. აჭარის ნაკრების შემადგენლობაში 25 მოკრივეა, 20 ვაჟი და 5 გოგონა. ჩემპიონატის წინ ნაკრების წევრებმა, რომლებიც ბათუმის კრივის აკადემიის, გელა აბაშიძის სახელობის კლუბისა და კრივის კლუბ ბათუმის მოკრივეებით არიან დაკომპლექტებული, ერთობლივი წვრთნები უკვე გაიარეს. სპორტსმენების მომზადებაში აქტიურად იყო ჩართული ყაზახეთიდან მოწვეული მწვრთნელი გალიმ ბექულოვი. აღსანიშნავია ისიც, რომ აჭარის ნაკრების სახელით საქართველოს ჩემპიონატზე იასპარეზებს ახალგაზრდებში ყაზახეთის ჩემპიონი მუსა ოთარგულოვი, რომელიც უკვე ექვსი თვეა ბათუმში ვარჯიშობს. ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით დაკომპლექტდება საქართველოს ნაკრები, რომელიც მარტში ხორვატიაში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. საქართველოს ჩემპიონატი 23-27 თებერვალს, ბათუმის ახალ სასპორტო სკოლაში გაიმართება და მასზე დასწრება თავისუფალი იქნება.