დიდთოვლობის მეხუთე დღე. მაღალმთიან აჭარაში უხვი ნალექით გამოწვეულ პრობლემებს ისევ ებრძვიან.
სოფლების ნაწილში გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტითაა შესაძლებელი. მოძრაობის იგივე რეჟიმია დაწესებული კურორტ გოდერძის მიმართულებითაც.
უხვი ნალექის გამო ხულოსა და შუახევში როგორც ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი, ასევე შიდა საუბნო გზები იწმინდება.ლიპყინულის თავიდან ასაცილებლად იყრება ტექნიკური მარილი.
ამ დროისთვის როგორც ენერგო პრო ჯორჯიაში ამბობენ, ელექტროენერგიის პრობლემა მაღალმთიან აჭარაში არ არის.
ქედაში დიდთოვლობასთან დაკავშირებით მოქმედ ცხელ ხაზზე დღეს ერთი შეტყობინება შევიდა. სოფელ ბალაძეებიდან სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვდნენ.
მერიაში აცხადებენ, რომ ყველა ზარზე შესაბამისი სამსახურები ახდენენ რეაგირებას. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილებში გზების თოვლის საფრისგან წმენდა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამუშაოები თემებთან დამაკავშირებელ გზებზე ისევ გრძელდება.
მოძრაობა მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებისთვისაა შესაძლებელი. ქედაში 15 ერთეული ტექნიკა მუშაობს.