ბათუმში, ჯავახიშვილის №47-ში ამ დროისთვის 5 ოჯახი რჩება. მოსახლეობის ნაწილმა საცხოვრებელი ფართები ორი დღის წინ, ნაწილმა კი გუშინ დატოვა.
ადგილობრივების განცხადებით, დაზიანებულია კორპუსის ერთ-ერთ ბინაში საყრდენი ბოძი.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ ბზარები 24 დეკემბერს შეამჩნიეს, მიმართეს მერიას და ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვეს. აღნიშნულ კორპუსში 60-მდე ოჯახი ცხოვრობს.
სახლი, გასული საუკუნის 60-აინ წლებშია აგებული. მოსახლეობის შეფასებით, გარდა იმისა, რომ უკვე შენობის ექსპლუატაციის ვადა ამოწურულია, შესაძლოა სახლს ბზარები მასზედ მიშენებებმა და დაშენებულმა სართულებმა გამოიწვია. საძირკველმა კი, სავარაუდოდ , დატვირთვას ვეღარ გაუძლო.
ბათუმის ვიცე-მერის განმარტებით, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან, რის შემდეგადაც კონკრეტული ნაბიჯები დაიგეგმება.
ლევან დავითაძის განცხადებით ექსპერტიზის დასკვნამდე მერიამ, მოსახლეობის თხოვნისა და უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, მათი ქირით გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.
მისივე განმარტებით, ხარჯებს თვითმმართველობა აანაზღაურებს.
"ბათუმის მერიის წინაშე ახალი გამოწვევაა, ეს არის ავარიული სახლები. მერიაში შექმნილია შესაბამისი კომისია, რომელიც იმსჯელებს აღნიშნულ სახლებთან დაკავშირებით.ბიუჯეტით გათვალისწინებულია 80 მლნ ლარი, რომელიც, 4 წლის განმავლობაში თანაბრად გადანაწილდება საჭიროებიდან გამომდინარე, ეს არის ჩანაცვლება, რეაბილიტაცია, ქირით გაყვანა.
რაც შეეხება უშუალოდ ჯავახიშვილის №47 , ჩვენს მიერ აღნიშნული ლოკაცია შესწავლილი იქნა პირველი დათვალიერებით და გადავაგზავნეთ დოკუმენტაცია სამხარაულის ექსპერტიზაზე, ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას და ამის შემდეგ კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს შექმნილი კომისია. ექსპერტიზას ბუნებრივია სჭირდება გარკვეული დრო, ამიტომ ჩვენს მიერ ხელახლა მოხდა დათვალიერება და კომისიურად მივიღეთ გადაწყვეტილება აღნიშნული ოჯახების ქირით გაყვანა და ამას დააფინანსებს ბათუმის მერია.
ჯავახიშვილის №1 დაკავშირებითაც ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას და მივიღებთ შემდგომ შესაბამის გადაწყვეტილებას.
ჩვენ გავითვალისწინეთ მოსახლეობის მოთხოვნა და ექსპერტიზის დასკვნამდე მივეცით ქირით გაყვანის თანხმობა, იქ არის 60-მდე ოჯახი და ბუნებრივია შესაძლოა მოკლე პერიოდში მათ ვერ უზრუნველყონ საქირაო ხელშეკრულების გაფორმება და ბინით უზრუნველყოფა. მათ ეტაპობრივად დაიწყეს კორპუსის დაცლა. როგორც ჩემთვის ცნობილია 5 ოჯახი რჩება ახლა შენობაში და ისინიც უახლოეს დღეებში აუცილებლად დატოვებენ საცხოვრებელს, ბუნებრივია ეს მათ უნდა გადაწყვიტონ" - განაცხადა ლევან დავითაძემ.