ჩვენს ქვეყნებს შორის არავითარი გაუგებრობა არ არსებობს და გვაქვს მართლაც იდეალური ურთიერთობა - ღარიბაშვილი

20 დეკემბერი 2021, 14:26 936 ნახვა

საქართველოს დღეს სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ეწვია.  ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.  პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები უნდა გაღრმავდეს. 

''ეს მიმდინარე წელს თქვენი მეორე ვიზიტია საქართველოში. მინდა კმაყოფილებით ვთქვა, რომ მეც ორჯერ ვიყავი ერევანში ოფიციალური ვიზიტით. ეს მიუთითებს ჩვენს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობაზე, თანამშრომლობაზე, კეთილგანწყობაზე, რომელიც ჩვენს შორის არსებობს. 

მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ჩვენი ინიციატივით და მოლაპარაკებით ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათშორისო კომისიის სხდომა პრემიე-მინისტრების დონეზე იმართება. ეს თქვენი პირადი ჩართულობით განახლდა. 

დაინტერესებული ვარ, რომ ჩვენს შორის არსებული მჭიდრო მეგობრული თანამშრომლობა ახლა უკვე გადაითარგმნოს, კონვერტირდეს რეალურ საქმედ, განვავითაროთ მჭიდროდ ჩვენი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები. ვისაუბროთ რეგიონალურ პროექტებზე, ინფრასტრუქტურაზე.

მინდა ვთქვა, რომ ჩვენს შორის ურთიერთობა უმაღლეს დონეზეა. შეიძლება სიამაყით და სიამოვნებით ითქვას, რომ ასეთი ურთიერთობა არ ყოფილა ჩვენს ქვეყნებს შორის. ყოველთვის გვქონდა მეგობრული ურთიერთობა, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი დამსახურებაა ის, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის, მთავრობებს შორის არავითარი გაუგებრობა არ არსებობს და გვაქვს მართლაც იდეალური ურთიერთობა.

ჩვენ დაინტერესებული ვართ იმით, რომ რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა. საქართველო ყოველთვის არის მოტივირებული, რომ ამ პროცესში შეასრლოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი. მე გავაჟღერე „მშვიდობიანი სამეზობლოს“ ინიციატივა და მინდა დაგიდასტუროთ ბატონო პრემიერ-მინისტრო, რომ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ წვლილი შევიტანოთ რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის განვითარებაში“, - მიმართა ღარიბაშვილმა ნიკოლ ფაშინიანს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი