ხანძარს ებრძვიან საბერძნეთშიც. კუნძულ ევიადან, ტყის ხანძრის გამო, ათობით ადამიანი ევაკუირებულია. სანაპირო დაცვის სამსახურმა კუნძულის სანაპიროზე ჩარჩენილი 90 ადამიანი ნავების საშუალებით გაიყვანა.
დამწვარია რამდენიმე სახლი, ასევე ტყის ნაწილი. გავრცელებული ინფორმაციით, სამმა მეხანძრემ დამწვრობა მიიღო. ევაკუაცია განხორციელდა ძველი ოლიმპიის მიმდებარე ქალაქიდანაც. ევაკუირებულია შვიდი ახლომდებარე სოფელი.
საბერძნეთში 100-ზე მეტ ტყის ხანძარს ებრძვიან. ქვეყანაში ჰაერის ტემპერატურამ 45 გრადუსს მიაღწია. ტყის ხანძრებს ებრძვიან ასევე იტალიასა და ალბანეთში.
ევროკავშირის კატასტროფებზე რეაგირების ჯგუფის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან იტალიაში, საბერძნეთში, ალბანეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში მეხანძრეებსა და სახანძრო თვითმფრინავებს გზავნიან.