კორონავირუსის შემთხვევების გამო, ქობულეთის პროფესიულ კოლეჯი "ახალი ტალღა'' სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. კოვიდი კოლეჯის ადმინისტრაციის სამ თანამშრომელს, რამდენიმე დღის წინ, დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, ორი კვირის განმავლობაში სწავლების ფორმატი შეიცვლება.
პროფესიული სასწავლებლის დირექტორის მოადგილე, კახა ბოლქვაძე ამბობს, რომ ორი ინფიცირებული მკურნალობის კურსს ქობულეთის კოვიდმიმღებ კლინიკაში გადის, ერთი პირი კი კოვიდსასტუმროში იმყოფება.
ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფ 34 ადამიანს სავალდებულო PCR ტესტირება უკვე ჩაუტარდათ, საიდანაც ჯერ-ჯერობით დამატებითი შემთხვევები არ გამოვლენილა. კვლევები დღესაც გაგრძელდება.
პანდემიის დაწყებიდან ამ დრომდე, პროფესიულ კოლეჯში კოვიდით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
"ახალ ტალღაში" 96 პედაგოგი და 70 ადმინისტრაციის თანამშრომელი მუშაობს. კოლეჯში 900 სტუდენტი სწავლობს.