ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა, რომელიც ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვის შემთხვევაში ადმინისტრაციული ზომების გამკაცრებას ითვალისწინებს.
კანონპროექტით, ალკოჰოლური სიმთვრალისას სატრანსპორტო საშუალების მართვა გამოიწვევს მართვის უფლების ერთი წლით შეჩერებას, ხოლო ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდებისთვის მძღოლი 300 ლარით დაჯარიმდება.
მართვის უფლების შეჩერების პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციულ პატიმრობას ხუთი დღიდან 15 დღემდე ვადით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის ერთი წლით გაზრდას.