12 მაისიდან რუსეთში აშშ-ის საელჩო საკონსულო მომსახურებას მხოლოდ ამერიკის მოქალაქეებისთვის და მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევების პირობებში გასწევს. ასევე შეწყდება არადიპლომატიური მოგზაურობისთვის არასაემიგრაციო ვიზების გაცემის პროცედურა. ამის შესახებ უწყების საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია საუბარი. ამერიკის მოქალაქეებს, რომელთაც რუსეთში ყოფნის ვიზა უმთავრდებათ, 15 ივნისამდე ქვეყნის დატოვება ურჩიეს. საელჩოს მუშაობის შეზღუდვის მიზეზი რუსეთის მიერ ამერიკელი დიპლომატების ქვეყნიდან გაძევება და საელჩოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების სამუშაოდ აყვანის აკრძალვა გახდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ქმედებების შედეგად აშშ-ის საკონსულოში თანამშრომელთა რაოდენობა 75%-ით შემცირდა.