კორეის პროფკავშირების კონფედერაციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. მომიტინგეები აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, სამხრეთ კორეაში ვიზიტს გმობდნენ, რომლის ფარგლებში სამხრეთ კორეის პრეზიდენტ ლი ჯე მიუნგთან სავაჭრო შეთანხმების მიღწევა იგეგმება.
პოლიციამ პროტესტი ძალის გამოყენებით დაშალა. სამიტზე გამოსვლისას ტრამპმა განაცხადა, რომ სამხრეთ კორეასთან სავაჭრო შეთანხმება „ძალიან მალე“ დასრულდება. ორმა მოკავშირემ ივლისის ბოლოს გამოაცხადა შეთანხმება, რომლის თანახმადაც სეული თავიდან აიცილებდა მაღალ ტარიფებს შეერთებულ შტატებში 350 მილიარდი დოლარის ახალი ინვესტიციების ჩადებით. თუმცა, ამ ინვესტიციების სტრუქტურაზე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.
კორეის ნახევარკუნძულზე ტრამპის, როგორც „მშვიდობისმყოფელის“ როლის აღიარების ნიშნად, მას სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა „მუგუნჰვას დიდი ორდენი“ გადასცა. ტრამპი აშშ-ის პირველი პრეზიდენტია, რომელსაც ეს პატივი ერგო.