„ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის კომპანიები რუსეთს ეხმარებიან საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლით, ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერებით ნავთობის ტრანსპორტირებაში“, - ამის შესახებ ჟურნალისტური გამოძიების შედეგებზე დაყრდნობით ლიეტუვის საზოგადოებრივი მედიაკომპანია ელ-არ-ტი წერს.
გამოძიების თანახმად, ყოველდღიურად რუსულ ტანკერებს ბალტიის ზღვის გავლით გადააქვთ მილიარდობით დოლარის ნავთობი. საუბარია ტანკერების მომარაგებაზე ე.წ. საბუნკერო, ანუ მათი გადაადგილებისთვის საჭირო საწვავით.
ლიეტუვის საზოგადოებრივი მედიაკომპანიის ინფორმაციით, ზღვაში ტანკერებისთვის საწვავის მიწოდების პროცესში ჩართული არიან ბალტიკური კომპანიების ჯგუფი ფასტ ბანკერინგი და მასთან დაკავშირებული ფირმების მიერ კონტროლირებული ტანკერები.
რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერების გადაადგილების შესახებ იუწყება ფინური მედიაკომპანია უაი-ელ-ი-ც. მისი ინფორმაციით, მხოლოდ ერთ კვირაში დაფიქსირებულია ამ ფლოტის 31 ტანკერი, რომლებმაც ფინეთის ყურე გაიარეს.