თურქეთში ქვეყნის საკონსტიტუციო წყობის დარღვევის მცდელობის ბრალდებით 14 გადამდგარი ადმირალი დააკავეს და მათ სახლებში ჩხრეკას ჩაატარეს. ანკარის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე მას შემდეგ აღძრა, რაც 4 აპრილს გადამდგარმა ადმირალებმა წერილი გაავრცელეს, რომელშიც შეშფოთება გამოთქვეს თურქეთის მონტრეს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობასთან დაკავშირებით. პროკურატურის განცხადებით, ადმირალების წერილი თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსს არღვევს და განცხადების ავტორებს საკონსტიტუციო წყობისა და სახელმწიფოს უსაფრთხოების შერყევის მიზნით შეთქმულებაში სდებს ბრალს. გადამდგარი ადმირალები ერთობლივ განცხადებაში შეშფოთებას გამოთქვამენ „სტამბოლის“ არხის შექმნის საკითხის განხილვის გამო და მთავრობას მოუწოდებენ შეწყვიტოს მონტრეს კონვენციიდან თურქეთის გასვლის შესაძლებლობის განხილვა.