დღეს კვორუმი იქნება და გამარჯვებას გავაფორმებთ - იოსებ ტყემალაძე

10 მარტი 2021, 11:27 1018 ნახვა

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები დღეს გაიმართება. ყრილობას კვლავ ერთი კანდიდატი, სოსო ტყემალაძე ჰყავს, რომელიც 19 თებერვალს დარეგისტრირდა.

არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ირაკლი აბუსერიძეს მომხრეებმა განცხადება გაავრცელეს და  განაცხადეს, რომ ყრილობას სამართლიანად არ ცნობენ.

გასული წლის 30 დეკემბერს ჩატარებულ არჩევნებში ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა, მაგრამ საჯარო რეესტრმა ვადების დარღვევის გამო პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა.

აბუსერიძე დღეს დაგეგმილ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. ირაკლი აბუსერიძის მომხრეები დღეს აქციას და არჩევნებისთვის ხელის შეშლას გეგმავენ. "თუ რაგბი ჩვენი თამაშია,  10 მარტს, 12 საათზე, დიდუბის გამოფენაზე, ქართველი მორაგბეები ქართველ გულშემატკივართან ერთად შევკრავთ მოლს და წინ ვერაფერი დაგვიდგება!” - წერს სოციალურ ქსელში ირაკლი აბუსერიძე.

რაგბის კავშირმა დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით გუშინ განცხადებაც გაავრცელა და მხარეებს სამართლებრივი ჩარჩოების დაცვისკენ მოუწოდა. ​"ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან, ერთი კონკრეტული ჯგუფის მიერ განხორციელებული დესტრუქციული ქმედებებისა და განცხადებებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ მათ, რომ დარჩნენ სამართლებრივ სივრცეში! თავი შეიკავონ დესტრუქციული ქმედებებისგან და მისცენ საქართველოს რაგბის კავშირს კანონიერად დანიშნული, ნამდვილ წევრთა კრების (ყრილობა) ჩატარების შესაძლებლობა, რათა ამ ქმედებებიდან გამომდინარე, არ მოხდეს მეტად ქართული რაგბის სახელის შელახვა"- განაცხადეს რაგბის კავშირში.

ერთადერთი კანდიდატი, რომელიც ამ ეტაპზე დარეგისტრირებულია სოსო ტყემალაძეა, რომელიც აღნიშნავს რომ მას ხმების საკმარისი რაოდენობა აქვს რაგბის კავშირის პრეზიდენტად გამარჯვებისთვის.

იოსებ ტყემალაძე ბიძინა ივანიშვილთან ბიზნესპარტნიორობას არ მალავს. თუმცა აღნიშნავს, რომ რაგბში - ქართული რაგბის წარმატებისთვის მოდის.

“დღეს კვორუმი იქნება და დღეს გამარჯვებას გააფორმებთ.” -  განაცხადა იოსებ ტყემალაძემ

რაც შეეხება ირაკლი აბუსერიძეს. იგი პარლამენტის ყოფილი წევრია. გუშინ, recorder.ge-მ გამოაქვეყნა სტატია, სადაც საუბარია ირაკლი აბუსერიძის თაღლითობაზე „რაგბის ოჯახში“.

მათივე განცხადებით, აბუსერიძემ და მაჩხანელმა მორაგბეების საკუთრებაში არსებული 45 ათასი კვადრატული მიწის ფართიდან, გარდა იმისა, რომ 230-230 კვ.მ საცხოვრებელი ფართები მიიღეს, თავიანთთვის, დამატებით 6 000 კვ.მ საცხოვრებელი ფართი მიისაკუთრეს და ოფიციალურად, წილებად გადაიფორმეს, ეს კი, დანარჩენ ყველა სხვა პირს დაუმალეს.

სააგენტოს ცნობით, ირაკლი აბუსერიძე რაგბის პრეზიდენტის პოსტისთვის სწორედ არსებულ მიწაზე, მშენებლობის უფლების მოსაპოვებლად იბრძვის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში