პროკურატურა სასამართლოს მიერ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ხუთი პირის დამნაშავედ ცნობის თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს

09 მარტი 2021, 17:54 916 ნახვა

საქართველოს პროკურატურა სასამართლოს მიერ გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული ხუთივე პირის დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

"მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული ხუთივე პირი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე, მცხეთაში მდებარე აგარაკზე, დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ წვეულებაზე მყოფ სტუმრებს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ე.წ. „საბურთალოელებმა“ სცემეს და ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენეს ვ.ჩ.-სა და მის თანმხლებ პირებს.

ეს უკანასკნელი, თავს თვლიდა რა კონფლიქტში დაჩაგრულად, მოწინააღმდეგე მხარეზე შურისძიების და ანგარიშსწორებისთვის საჭირო დამატებითი ფიზიკური ძალის მობილიზების მიზნით, დაბრუნდა ქ.თბილისში, ნაძალადევის რაიონში და უზრუნველყო ხალხის შეკრება.

2020 წლის 19 ივნისის დაახლოებით 00:30 საათისათვის, ვ.ჩ. თანმხლებ პირებთან – ნ.რ-სთან, ა.გ.-სთან, ვ.მ.-სთან, ზ.ხ.-სთან და ა.ქ.-სთან ერთად, „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანით გაემართა მცხეთის მიმართულებით. მცხეთაში ასევე ავტომანქანებით წავიდნენ ნაძალადევში შეკრებილი სხვა პირები.

პარალელურად აღნიშნულისა, გიორგი შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები, რომლებიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორთათვის ასოცირდებოდნენ მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლებთან, ფეხით გადაადგილდებოდნენ თბილისის მიმართულებით. დაახლოებით 00:45 საათზე, არაგვის ხიდთან არსებულ ავტოსამრეცხაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ნაძალადევის რაიონიდან წამოსული „მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში მყოფი პირები თავს დაესხნენ გიორგი შაქარაშვილსა და მასთან ერთად მყოფ პირებს – გ.ა.-ს, გ.ქ.-ს, ვ.ა.-ს, კ.ღ.-სა და ი.ბ.-ს. თავდამსხმელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კ.ღ.-ს, გ.ქ.-სა და ვ.ა.-ს, ხოლო გიორგი შაქარაშვილმა და სხვა პირებმა გაქცევით დააღწიეს თავი ძალადობას. ანგარიშსწორება გაგრძელდა რამდენიმე წუთი, რის შემდგომაც თავდამსხმელებმა ავტომანქანით დატოვეს შემთხვევის ადგილი.

აღნიშნულის შემდგომ, გიორგი შაქარაშვილი, გ.ა. და ვ.ა. დაბრუნდნენ სამრეცხაოს ტერიტორიაზე და ცდილობდნენ ნაცემი გ.ქათამაძის დახმარებას, ასევე თბილისის მიმართულებით გადაადგილების გაგრძელებას, რა დროსაც მათ გზა გადაუჭრა ვ.ჩ.-ს კუთვნილმა „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანამ. გაჩერებისთანავე, ავტომანქანიდან გინებით გადმოვიდნენ ვ.მ., ნ.რ., ა.გ., ზ.ხ., ა.ქ., ვ.ჩ. და დაედევნენ გიორგი შაქარაშვილსა და მასთან ერთად მყოფ პირებს, რომლებიც ძალადობისგან თავის დაღწევის მიზნით, გაიქცნენ ავტობანზე არაგვის ხიდისკენ დასავლეთის მიმართულებით. მათ გადაირბინეს არაგვის ხიდი, გადაკვეთეს საავტომობილო გზა და სირბილი განაგრძეს დასავლეთის მიმართულებით. გიორგი შაქარაშვილის თანმხლები პირი გ.ქ., რომელიც იყო ნაცემი, თავდამსხმელებისგან თავის დაღწევის მიზნით, საავტომობილო გზაზე მოწყობილი ბეტონის გამყოფი ზოლის გადაკვეთის შემდეგ, დაიმალა გამყოფ ზოლში არსებულ ნარგავებში. ამავდროულად, საავტომობილო გზა გადაკვეთეს, მეორე მხარეს გადავიდნენ და გიორგი შაქარაშვილის და მასთან ერთად მყოფი პირების დევნა განაგრძეს თავდამსხმელებმა ვ.ჩ.-მ, ა.ქ.-მ და ზ.ხ.-მ. დასავლეთის მიმართულების საავტომობილო გზის ნაპირზე არსებული ფერადი შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან მიახლოებისას, გიორგი შაქარაშვილმა და მასთან ერთად მყოფმა ვ.ა.-მ სირბილი განაგრძეს გზის მარჯვენა მხარეს ხიდის ქვეშ გამავალ მეორეხარისხოვან გზაზე, ხოლო გიორგი შაქარაშვილის მეგობარი გ.ა. გაიქცა ზემოაღნიშნული შენობის მიმართულებით და დაიმალა მის უკან არსებულ ბუჩქებში. გიორგი შაქარაშვილს და ვ.ა.-ს იმავე მიმართულებით გაეკიდნენ ვ.ჩ., ა.ქ. და ზ.ხ., ხოლო ა.გ.-მ და ნ.რ.-მ, რომლებიც იმყოფებოდნენ აღმოსავლეთის მიმართულების საავტომობილო გზის მხარეს, განაგრძეს სირბილი გზის მარცხენა მხარეს არსებულ მეორეხარისხოვან გზაზე იმ მიზნით, რომ პირისპირ დახვედროდნენ იმავე გზაზე საპირისპირო მხრიდან გამოქცეულ პირებს და გზა გადაეღობათ მათთვის. ვ.ა. მეორეხარისხოვან გზაზე სირბილისას დაიმალა გზის პირას არსებულ ბუჩქებში, გიორგი შაქარაშვილმა კი განაგრძო გადაადგილება. როდესაც იგი მიუახლოვდა მეორეხარისხოვანი გზის იმ მონაკვეთს, რომელიც არაგვის ხიდის ბურჯებს შორის გადის, საპირისპირო მიმართულებიდან მას გზა გადაუღობეს ა.გ.-მ და ნ.რ.-მ.

გიორგი შაქარაშვილი, ორივე მხრიდან მოექცა რა თავდამსხმელებს შორის, გარდაუვალი ანგარიშსწორების თავიდან აცილების მიზნით, იძულებული გახდა ჩასულიყო გზის მარცხენა მხარეს არსებულ ხევში, სადაც მას ჩაჰყვა ხუთივე თავდამსხმელი. ხევში არსებული ბილიკის ბოლოს გიორგი შაქარაშვილი მივიდა მდინარე არაგვის ნაპირთან და ვინაიდან ცურვის არცოდნის გამო აღმოჩნდა მისთვის გადაულახავი ბუნებრივი წინაღობის – მდინარის წინაშე, ვეღარ შეძლო გაქცევა. ამ ვითარებით ისარგებლეს თავდამსხმელებმა და გიორგი შაქარაშვილს მიაყენეს დაზიანებები თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩების მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

აღნიშნული ქმედებისათვის, ა.გ.-ს, ნ.რ.-ს, ვ.ჩ.-ს, ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში – ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული ხუთივე პირი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. სასამართლომ ა.გ.-ს, ვ.ჩ.-სა და ნ.რ.-ს სასჯელის სახით  16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ბრალდებულ – ა.ქ.-სა და ზ.ხ.-ს სასჯელის ზომას, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, სასამართლო 2021 წლის 16 მარტს გამოაცხადებს“, - აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი